dddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddddd
ფიქრები
Thursday, February 20, 2014
Tuesday, February 4, 2014
სულ სწორად ხომ ვერ ივლი
მივყვები ამ ჩემ გზას და მივდივარ... რა ვქნა, წინ ეს გზა მიდევს! სად გავექცე?! რომც მინდოდეს, გზას ვერსად გავექცევი. სადაც არ უნდა წახვიდე, მაინც გზა არ არის?!.
ხან რა შემხვდა, ხან - რა... დავინახვადი შორიდან, მოჩანდა წერტილივით. იზრდებოდა. ლამაზდებოდა; მომეწონებოდა. მივუახლოვდებოდი და, კარგად მეყოლეთ: არ ვარგოდა, არაფრად! ზოგჯერ პირიქით იყო: რომ დავინახავდი შორიდან, მაგას ახლოსაც არ გავუვლიმეთქი - ვიფიქრებდი და, როგორ გეკადრებათ! როცა მივუახლოვდებოდი, მოშორება აღარ მინდოდა...
რამდენი ხანია დაგტოვეთ, დაგშორდით და ახლა მენატრებით, მაგრამ უკან ხომ აღარ მოვბრუნდები. ხომ „აღარ“ კი არა - ვერ მოვბრუნდები, ეს შეუძლებელია, ეს ისეთი გზაა, რომც მოინდომო, უკუსვლით ვერ ივლი...
რამდენ ვინმეს დავეწიე! ვიარეთ ერთად. ეს ვთქვით, ის ვთქვით. ხან ვეთანხმებოდით ერთმანეთს, ხან - არა. ხან ვმალავადით, თუ რამეში თანამოაზრენი არ ვიყავით (კაკალი გული არ გავაცივოთო). მერე ვშორდებოდით ან გზაგასაყარის გამო, ან იმის გამო, რომ ვჩქარობდით და ერთმანეთს ვასწრებდით.
ზოგს ისევ შევხვდი მეორედ ან ბევრჯერ. ალბათ, კიდევ შევხვდებით. ზოგი კი ძალიან ჩამორჩა ან ძალიან გამასწრო, ან სულ სხვა გზით წავიდა...
მე ერთი გუდაც მომაქვს, ხსოვნის გუდა. ყველაფერი კი ეტევა შიგ მაგრამ, ზოგ რამეს ვეღარ ვნახულობ ხოლმე.
არა, ყველაფერი უძრავი კი არაა: ზოგ რაღაცას რომ წავაწყდი, აღარც ის მომშორდა და აღარც - მე. თან მომყვებიან „ბღარტებიც“ (როგორ მიშველა დიდმა ილიამ, რომ მასესხა ეს სიტყვა), გულზე გამომებნენ და აღარ მშორდებიან. რა მომაშორებს აბა, თუნდაც ხელოვნებას, კულტურას... მომყვებიან ჩვენი სიმღერები. ყველგან მწვდებიან; ჩვენი დიდი მწერლები შემომხვდებიან ხოლმე გზაზე მიმავალს და მამხნევებენ - არ შეჩერდე, იარეო...
კარგა მანძილი მქონდა გავლილი, მართლაც კარგა მანძილი, ძალიან შორეული ხმა მომესმა.
ვინ(ა) ხარ მეთქი („ვინ“ - ში „ა“-ს თავისი დიდი მნიშვნელობა აქვს.)?
ვეღარაფერი ვეღარ გავიგონე, მაგრამ მეცნო ეს ხმა. მგონი, ადრეც ბევრჯერ გამიგონია. სანამ საერთოდ სიარულს დავიწყებდი, მანამდე მესმოდა. კი არ მესმოდა, ჩემში იყო და მე მასში!!!
ოჰ, ნეტავ, როდის დავშორიშორდით?!.
მერე, კიდევ კარგა მანძილის მერე, ისევ იგივე ხმა მომესმა, ოღონდ ისე ძალიან შორეული აღარ იყო.
ბევრჯერ გამეორდა ეს და უფრო და უფრო მიახლოვდებოდა (თუ მეწეოდა). მე მივდიოდი და უკან უფრო ხშირად ვიხედებოოდი (ხმამ მიმახედა!), ჩემ კვალს ვათვალირებდი: როგორ შემცვლია ნაკვალევი! დამძიმებულა. ადრე ისე დავდიოდი, ნაკვალევი არც ჩანდა... რა ვქნა ახლა? რა ვუყო? ასეა გზა. რომელ გზაზეც მიდიხარ, სწორად კი უნდა იარო, მაგრამ სულ სწორად ხომ ვერ ივლი კაცი? გზაც ხომ არ არის ხანდახან ისეთი, შენ რომ მოგეწონოს? ვინ არ გადაუხვევს გვერდზე? ზოგჯერ მეც გადავუხვიე, ათასნაირი ხილი დავაგემოვნე. ზოგჯერ ისეთ სიბინძურეში ამისხლტა ფეხი, გული ახლაც მერევა. ისეთ მტვერშიც წავიქეცი, მერე მთელი დღეები ვიფერთხავდი მტვერს. არადა, რა არის ეს უყურადღებობა! ეს თვალიც რა არის ასეთი: ხან აქეთ გაგექცევა, ხან - იქით. მიაშტერდები რაღაცას, თვალისმომჭრელს, გავიწყდება რომ ყურადღებით უნდა იყო და მოადენ ზღართანს! ზოგჯერ ისე დავცემულვარ, ძლივსღა ავმდგარვარ, ოღონდ ვიღაც მადლიანები დამხმარებიან. ვინ ხარმეთქი, რომ ვკითხავდი, ჩვენ არავინაც არ ვართო. ხმა მოგვესმა, უშველეთ ამ წაქცეულს, წამოაყენეთ, რათა იაროსო.
- მერე კიდევ რომ წავიქცე, კიდევ მიშველითმეთქი?
- კი გიშველით, მაგრამ უმჯობესია აღარ წაიქცეო.
- რომ არ წავიქცე, აბა, რა ვქნა, როგორ მოვიქცემეთქი.
- რა და ჩვენთან იყავი და წაქცევამდე წინასწარ ყოველთვის გაიგონებ იმ ხმას, გზაში ზოგჯერ რომ მოგესმის ხოლმე და თუ დაუჯერებ და გაფრთხილდები, აღარ წაიქცევიო.
ჰოდა, ვაგრძელებ სიარულს, ოღონდ, ამჯერად ფრთხილად და გზადაგზა კიდევ მოგიყვებით რამეს.
Subscribe to:
Posts (Atom)